რუსული პროპაგანდის საფრთხე გერმანიის არჩევნებისთვის

7 მარტი 2017 Shadow

ანალიტიკოსები ევროპაში საფრანგეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებზე ამახვილებენ ყურადღებას და ყალბი საინფორმაციო ნაკადის გაძლიერებას ვარაუდობენ.  მათი თქმით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება პიკს სწორედ არჩევნების წინა პერიოდში აღწევს, ამ საქმის უკან კი რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ხედავენ, რომელთა მიზანიც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენაა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებიც. ამაზე მათ მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი, სადაც ვრცლადაა მიმოხილული რუსეთის მცდელობა- გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

გასაკვირი არაა, რომ ექსპერტები არ გამორიცხავენ რუსეთის ჩარევას 2017 წელს სამივე ქვეყანაში (გერმანია, ჰოლანდია და საფრანგეთი) დაგეგმილ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში.  გერმანიაში 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კიბერ თავდასხმების საშიშროებაზე გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსი ბრუნო კალმაც საუბრობს, რომლის თქმითაც, სადაზვერვო სამსახურს მოსკოვის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმების მტკიცებულებები გააჩნია: "რუსი ჰაკერები ყურადღებას ევროპას, განსაკუთრებით კი გერმანიას უთმობენ, მათი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობის შექმნაა" - განაცხადა მან.

სწორედ ამიტომაა წინამდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებული გერმანიის ფედერალურ არჩევნებზე.

საფრთხე გერმანიის არჩევნებისთვის

გერმანიაში არჩევნების ციკლში  დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე ანგელა მერკელია, რომლზეც გერმანულ მედიაში ბოლო დროს ცრუ და ყალბი ინფორმაციები ვრცელდება, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს გერმანიის დემოკრატიული არჩევნებისთვის. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია იმითაა გამოწვეულია, რომ მერკელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უჭერს მხარს.

ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ დეზინფორმაციის კამპანია კრემლის სტრატეგიის ნაწილია. ძირითადად ვრცელდება ან ერთი ცრუ ინფორმაცია, რომელიმე პოლიტიკოსის ან რაიმე მოვლენის შესახებ, ან ერთი და იგივე მოვლენის სხვადასხვა ინტერპრეტაციები, რათა ზღვარი ტყუილსა და სიმართლეს შორის გაქრეს - განაცხადეს ევროკავშირის სპეციალურ ჯგუფში. ევროკავშირის სპეციალური ჯგუფი პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით შეიქმნა 2015 წელს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის- ფედერიკა მოგერინის მიერ შეიქმნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე.

ევროკავშირის სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც 15 თვის განმავლობაში დეზინფორმაციის გამოაშკარავებაზე მუშაობდა, აღმოაჩინა ცრუ და ყალბი ინფორმაციის გავრცელების 2 500 შემთხვევა 18 სხვადასხვა ენაზე. იდენტური ყალბი ინფორმაცია 18 ენაზე იყო ნათარგმნი და გავრცელებული სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მეშვეობით.

მაგალითად, კრემლი  ანტი-იმიგრაციული (ან მერკელის საწინააღმდეგო) სენტიმენტების გაძლიერებას შეეცადა ბერლინში ეთნიკურად რუსი გოგონას გაუპატიურების ამბის შეთხზვით, რასაც გერმანიის ქალაქებში მცხოვრები რუსების საპროტესტო აქციები მოყვა. აქციებზე მერკელის გადადგომას და მთავრობის პოლიტიკის შეცვლას მოითხოვდნენ. ასევე, გერმანიაში ერთ-ერთი გახმაურებული დეზინფორმაცია იყო ცნობა იმის შესახებ, რომ 1000-მა მუსლიმმა ცეცხლი წაუკიდა გერმანიის უძველეს ეკლესიას დორტმუნდში. აჟიოტაჟის შემდეგ გაირკვა, რომ ინფორმაცია ყალბი იყო და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია.

 „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ხშირად ანტი-იმიგრანტული პოპულისტური განცხადებებით გამოირჩევა გერმანიაში პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი და მომავალ არჩევნებზე კრემლის მთავარი საყრდენია. შესაბამისად, რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია მათ რეიტინგზე წყალს ასხამს, მერკელის მიმართ კი აგრესიის ტალღას წარმოქმნის ხალხში. პუტინის მიზანიც, სავარაუდოდ, სწორედ ეს არის - მერკელის წასვლით რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შესახებ გერმანიის მტკიცე პოზიციების შესუსტება და ევროკავშირის ერთობის რღვევა - რუსეთის გავლენის სფეროს გაძლიერება.

გერმანიის საპასუხო რეაქცია

ტრადიციული თუ სოციალური მედია დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროა, ამიტომაც პროპაგანდასთან ბრძოლაში სწორედ მას ენიჭება გადამწყვეტი როლი. ბევრ ქვეყანაში ყალბ ინფორმაციასთან საბრძოლველად კიბერ უსაფრთხოების სახელმწიფო უწყებებში საერთაშორისო და ეროვნული სტრატეგიები მუშავდება. მაგალითად, 2015 წლის სექტემბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურში სპეციალური ჯგუფი East Stratcom შეიქმნა, რომელიც რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგს ახდენს. ევროკავშირის ქვეყნებმა დამოუკიდებლად შეიმუშავეს პროპაგანდის შემაჩერებელ მექანიზმებზე ფიქრი. მაგალითად, ჩეხეთმა შექმნა ჯგუფი, რომელშიც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორია გაერთიანებული, სახელმწიფო სტრატეგია გააჩნია სლოვაკეთს.

პრევენციული ზომების მიღება გადაწყვიტა გერმანიამაც, რისთვისაც დახმარება უმსხვილესი სოციალური ქსელის - Facebook-ის ადმინისტრაციას თხოვა.

კომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაციის სანდოობას სპეციალურად დაქირავებული ორგანიზაციები . ფაქტ-ჩეკერები გადაამოწმებენ. თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის ახალი ამბავი არ შეესაბამება სიმართლეს, ის სპეციალური ნიშნით აღინიშნება. აღნიშნული მეთოდი წარმატების შემთხვევაში შეიძლება სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს.  თუ სტატიის სათაური საეჭვოდ გამოიყურება ან ისეთ საიტზე დაიდება, რომლის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ე.წ. ფაქტ-ჩეკერების ჯგუფი ამბის გადასამოწმებლად პირველწყაროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც გერმანელ მომხმარებლებს შესაბამისი ნიშანი გამოუჩნდებათ საიტზე.

აშშ-ის არჩევნებისას განვითარებული მოვლენების, ევროკავშირში დიდი რაოდენობით ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტების აღმოჩენის და სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ანგარიშების შემდეგ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კრემლის მიერ ორკესტრირებული დეზინფორმაციის კამპანია ფართომასშტაბიანია და შეუძლია საფრთხე შეუქმნას სუვერენული ქვეყნების საარჩევნო პროცესს. შესაბამისად, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, აუცილებელია გერმანიასა და დანარჩენ ქვეყნებშიც უზრუნველყოფილი იყოს გარემო, სადაც მაქსიმალურად რთული იქნება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მოსახლეობისთვის კი მარტივად გასარჩევი რეალური ამბავი და პროპაგანდა.