რუსული პროპაგანდის საკითხი ნატო-საქართველოს ფორუმზე

7 აპრილი 2016 Shadow

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მეცხრედ ტარდება და 4 აპრილიდან 19 აპრილამდე გაგრძელდება. ფორუმში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ნატო-საქართველოს ფორუმზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად საქართველოში არსებული რუსული პროპაგანდა განიხილეს, რაზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.

„რუსული პროპაგანდა საქართველოსთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ხილული ბარიერების გარდა, როგორიცაა ტანკები და მავთულხლართები, ასევე გვექმნება უხილავი ბარიერები, როგორიცაა რუსული პროპაგანდის მიერ მტრის ხატის სტერეოტიპის წახალისება და შექმნა, ანტიდასავლური ნარატივები და ა.შ. ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადია ოკუპირებული ტერიტორიები და ნაწილობრივ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები, სადაც ერთ-ერთ მთავრ გამოწვევად კვლავ რჩება სახელმწიფო ენის არასათანადო დონეზე ცოდნა. ამის გათვალისწინებით მათი უმრავლესობა დიდ წილად მოწყვეტილია საერთო საინფორმაციო სივრცეს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ქართულ ტელევიზიებიდან ვერ იღებს და მათი ინფორმაციის ძირითად წყაროს უცხოური არხები, მათ შორის რუსული არხები წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენი მიზანია როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებისთვის საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ობიექტური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე კი მთავრობას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გააქტიურებას მოუწოდებს და საქართველოში არსებულ პრო-რუსულ და პრო-ევრაზიული არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლებაზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, შესამჩნევად ხელს უწყობენ ქართულ მოსახლეობაში ანტი-დასავლური განწყობის შექმნას.   

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა საკმარის წინააღმდეგობას არ უწევს რუსულ პროპაგანდას, პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში ხელსაც კი უწყობს მას. მაგალითად, მათ მხარი არ დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა იმ არხების ჩვენების აკრძალვას საქართველოში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებდნენ (იგულისხმებოდა რუსული ფედერალური არხები). საქართველოს მთავრობის წევრებმა ინიციატივაზე უარის თქმის საფუძვლად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დაასახელეს. სწორედ ამავე არგუმენტით ვერ კონტროლდება პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაც და ისინიც თავისუფლად აგრძელებენ ანტი-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარებას.“ - განაცხადა კვახაძემ.

დამოუკიდებელი ქართველი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი რუსული ფედერალური სატელევიზიო არხების მაუწყებლებზე, როგორც რუსული კულტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების გავრცელების წყაროებზე საუბრობს. მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს სწორედ ამ მხარით შენიღბოს და საქართველოს ამ არხების დაბლოკვის სამართლებრივი საფუძველი არ მისცეს.

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარკვეული ზომები გატარდეს გაზრდილი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს, არ მოვიდეს წინააღმდეგობაში კონსტიტუციით განსაზღვრულ ნორმებთან, რომ საქართველოს მთავრობას საშუალება არ ჰქონდეს სამართლებრივად გაამართლოს ამ ტელეარხების მიმართ შეზღუდვები“-ამბობს ანჯაფარიძე.

ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე რუსული გავლენის შესახებ ვრცლად იხილეთ damoukidebloba.com-ის კვლევა.

ასევე, რუსული არხების პოპულარობასა და მისიაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ  სტატიაში.

 

 

წყარო: ekhokavkaza.com