როგორ ამოვიცნოთ სანდო წყაროები?

23 თებერვალი 2017 Shadow

საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რუსული პროპაგანდაა. კრემლი მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა სამიზნე ქვეყნებში საკუთარი პოზიციები და გავლენა გააძლიეროს.

დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ იარაღად კი მედიასა და სოციალურ ქსელებს იყენებს. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის ეს წყაროები მცდარ, შეცდომაში შემყვან სიახლეებს და ახალ ამბებს ავრცელებენ. მსგავსი გზავნილები და ცრუ ინფორმაცია  რუსულენოვან აუდიტორიაზე, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებაზეა გათვლილი, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი პოსტსაბჭოთა სივრცის მოქალაქეები არიან.

Damoukidebloba.com  სტატიების რამდენიმე სერიაში გთავაზობთ საქართველოში რუსული პროპაგანდის საერთო მახასიათებლების აღწერას, დეზინფორმაციის წყაროებსა და საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნამდვილი და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან გამიჯნოთ.

პროპაგანდისგან თავის დასაცავად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეგეძლოთ სანდო და დეზინფორმაციის წყაროების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაშიც ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლი საიტების მახასიათებლების ცოდნაც დაგეხმარებათ.

ხშირად, დეზინფორმაციის გამავრცელებლი საიტები ძალიან გავს ცნობილი საინფორმაციო სააგენტოების საიტებს, იქნება ეს ლოგოთი, თუ საიტის სტრუქტურით. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ საიტის მისამართი სტანდარტებში არ ჯდება. მაგალითად, abc news-ის სახელს არის ამოფარებული ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლი ერთ-ერთი საიტი:

fake1

არ ენდოთ ანონიმურ წყაროებს. გადაამოწმეთ მითითებულია თუ არა თითოეული სტატიის ავტორი, თუ ყველა სტატიის ავტორი ანონიმურია, ისე, როგორც ეს სურათზეა მოცემული.

fake2

ასევე, დააკვირდით, გაქვთ თუ არა საშუალება გაიგოთ, ვინ არის საიტის მფლობელი და ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია. სწორედ პროპაგანდის გამავრცელებლები ცდილობენ საკუთარი მისია და დაფინანსების წყაროები დამალონ. სანდო წყაროს შემთხვევაში, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული მედია-საშუალება, ეს ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია.

fake3

თუ რომელიმე ცნობილი საჯარო პირის საეჭვოდ პიკანტურ განცახდებას გადააწყდებით, გადაამოწმეთ რამდენად შეესაბამება ეს სიახლე სინამდვილეს. ამისთვის, გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერეთ ფრაზის ნაწილი და ნახეთ, დევს თუ არა მსგავსი სტატია სანდო საიტებზე. ძებნის არეალის დავიწროებისთვის, შეგიძლიათ კონკრეტული დროის პერიოდის მითითებით მოძებნოთ, მართლაც ამ პიროვნებას ეკუთვნის თუ არა ეს ნათქვამი. ამისთვის, გუგლის საძიებო სისტემაში ინსტრუქციის მიხედვით მიუთითეთ  დროის სასურველი პერიოდი.

fake4

დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები, ხშირად, ფოტო და ვიდეო მანიპულაციებს იყენებენ. მსგავსი შემთხვევების ამოცნობაში Damoukidebloba.com-ის წინა სტატიები დაგეხმარებათ.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რიგ შემთხვევებში რუსული პროპაგანდა გასართობ საიტებშია ინტეგრირებული. როგორც წესი, ისინი მომხმარებელს ამ კონტენტით იზიდავენ და შიგადაშიგ სასურველ გზავნილს ამატებენ.  ამიტომაც, რთულია იმ საიტების სრული სიის შექმნა, რომელიც საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებლებად გვევლინებიან.

ძალიან ხშირად დეზინფორმაცია შენიღბულია და ე.წ. ავტორიტეტული პირების მიერ გავრცელებულად ითვლება. მაგალითად, „ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ....“. თავად სტატიაში კი დეტალური ინფორმაცია სულაც არ არის მითითებული თუ ვინ, როდის, სად ან რომელი ორგანიზაციის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის შედეგად მიიღეს ეს დასკვნა. ამიტომაც, კარგად დააკვირდით, არის თუ არა დეტალური სტატია, რადგანაც პროპაგანდა, უმეტეს წილად, სწრაფ გავრცელებაზეა ორიენტირებული და იშვიათად არის ვრცელი, ანალიტიკური ნაშრომები. (თუმცა, რიგ შემთხვევებში, ესეც არ უნდა გამორიცხოთ. )

ყალბი ინფორმაციები ხშირად სწორედ ერთ თარგზეა მორგებული და თუ გეცოდინებათ პროპაგანდის საერთო მახასიათებლები, კიდევ უფრო მარტივად მოახერხებთ მისგან თავის დაცვას.

საბოლოო ჯამში, მთავარია, ყოველთვის შეეცადოთ და გადაამოწმოთ წყაროს ვალიდურობა, მიუდგეთ საკითხს კრიტიკულად და მხოლოდ ის სიახლეები გაუზიაროთ მეგობრებს სოციალურ ქსელში თუ პირადად, რომელთა ნამდვილობაც შემოწმებულია და ეჭვქვეშ არ დგას.

 

გამოყენებული წყარო:

channel4factcheck