"სპუტნიკი" და რუსული პროპაგანდის მარცხი ჩრდილოეთ ევროპაში

28 მარტი 2016 Shadow

შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუტი შვედეთში) მკვლევარმა, ანკე შმიდტ-ფელცმანმა განაცხადა, რომ “სპუტნიკი შვედეთი”, “სპუტნიკი ნორვეგია”, “სპუტნიკი დანია” და “სპუტნიკი ფინეთი” 2016 წლის მარტიდან ჩრდილოეთ ევროპის მედიაბაზრიდან წავიდნენ. უფრო ზუსტად კი, „სპუტნიკი“ ამ ქვეყნებში მაუწყებლობას წყვეტს სკანდინავიურ და ფინურ ენებზე და საქმიანობას განაგრძობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

 

მკვლევარის თანახმად, “სპუტნიკის” სააგენტომ ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში პოპულარობა ვერ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ “სპუტნიკმა” სოციალურ ქსელებში სრული კრახი განიცადა. ოთხივე ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ ქსელ Twitter-ში სააგენტოს მხოლოდ 350 მიმდევარი ყავს, ხოლო სოციალურ ქსელ Facebook-ზე - 1800 „მოწონებაც“(Like) ვერ დააგროვა. ოთხი ქვეყნიდან ყველაზე ცუდი შედეგი სააგენტოს ნორვეგიაში (ნორვეგიაში სააგენტომ Twitter-ზე 115 გამოწერა,) და დანიაში (დანიაში Facebook-ზე 515 მოწონება) ჰქონდა.

შმიდტ-ფელცმანმა წარუმატებლობის რამდენიმე მიზეზი დაასახელა:

1. სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ენების ცუდად ფლობა;

2. ამ ქვეყნების მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება რუსული პროპაგანდისტული ინსტრუმენტების მიმართ;

3. ამ ქვეყნებში ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული და შეთქმულების თეორიებზე დაყრდნობილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიუღებლობა;

როგორც ირკვევა მკვლევარის ანალიზიდან, სააგენტო „სპუტნიკმა“ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში სრული კრახი განიცადა.

განსხვავებული მდგომარეობაა ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც „სპუტნიკი“ წარმატებით განაგრძობს საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ  „სპუტნიკი“ რუსული სახელმწიფო პროპაგანდის მთავარი მულტიმედიური პროექტია, რომლის განხორციელება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო.  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანებით საინფორმაციო სააგენტო „Russia Today“ შეიქმნა. ამავე ბრძანებით გაუქმდა სახელმწიფო რადიო „რუსეთის ხმა“ და საინფორმაციო სამსახური „რია ნოვოსტი“. „Russia Today“-ს დირექტორად დიმიტრი კისილიოვი დაინიშნა და „სპუტნიკის“ პროექტის განხორციელებაც დაიწყო. შესაბამისად, „სპუტნიკიც“ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მაგალითად, მხოლოდ 2014 წელს, სააგენტოს ბიუჯეტმა შეადგინა 4,5 მილიონი აშშ დოლარი.

სააგენტო მოღვაწეობს მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებში და მაუწყებლობს ადგილობრივი რადიოსადგურების სტუდიიდან. სააგენტოს გააჩნია საკუთარი მულტიმედიური პრეს-ცენტრები, რომლებიც ქმნიან მასალას ადგილობრივი აუდიტორიისთვის.

აღსანიშნავია, რომ „სპუტნიკი“ მაუწყებლობს - ქართულ, აზერბაიჯანულ, არაბულ, აფხაზურ, გერმანულ, ესპანურ, ესტონურ, თურქულ, იაპონურ, ინგლისურ, ლატვიურ, რუმინულ/მოლდოვურ, პოლონურ, პორტუგალიურ, პუშტუს, რუსულ, სერბულ, სომხურ, ტაჯიკურ, უზბეკურ, უკრაინულ, ფინურ, ფრანგულ, ქურთულ, ყაზახურ, ყირგიზულ, ყირიმელი თათრების, ჩინურ ენებზე.

საქართველოში, „სპუტნიკმა“ რადიომაუწყებლობა დაიწყო 2014 წლის ნოემბერში, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოყვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) რადიო მონტე-კარლოს (რომლის სიხშირეზეც გადიოდა „სპუტნიკის“ გადაცემები) დოკუმენტების გასაჯაროვება და განმარტებების გაკეთება მოსთხოვა. ამის შემდეგ საკითხით კომუნიკაციების ეროვნული კომისია  დაინტერესდა და საქმის წარმოება დაიწყო. როგორც განხილვისას გაირკვა „სპუტნიკის“ ქართულ კონტენტს საინფორმაციო სააგენტო ნიუსჯორჯია ამზადებდა, თუმცა როგორც ეს სააგენტო, ისე რადიო „მონტე-კარლო“ სპუტნიკთან რაიმე კავშირს უარყოფდა. საბოლოოდ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორივე ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, შესაბამისად „სპუტნიკის“ რადიო გადაცემები ეთერში აღარ გასულა. თუმცა, 2015 წლის 23 იანვარს „ნიუსჯორჯიას“ თანამშრომელმა ანტონ ლასხიშვილმა დაარეგისტრირა შპს „სპუტნიკ-ჯორჯია“ და რადიო პროგრამებმა, რომლის ნაწილი ანტი-დასავლური გზავნილებით გამოირჩეოდა, ჯერ „ნიუსჯორჯიას“ ვებგვერდზე (Newsgeorgia.ge), შემდეგ კი sputnik-georgia.com-ზე გადაინაცვლა. ანტონ ლასხიშვილი წლებია გაზეთის, „სვაბოდნაია გრუზიას“ ხელმძღვანელია. თავის მხრივ, „სვაბოდნაია გრუზია“ არის „ობიექტივისა“ და Georgian Times-ის პარტნიორი.

მაშინ როდესაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში „სპუტნიკის“ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი იყო სოციალურ ქსელებში დაბალი პოპულარობა, „Sputnik საქართველო“-ს Facebook გვერდს აქვს 5,300-ზე მეტი მოწონება. ასეთ პოპულარობას ხელს უწყობს სააგენტოს სტრატეგია საქართველოში, რაც გულისხმობს პრო-რუსული და ნეიტრალური შინაარსის მასალის თანაბარზომიერ გამოქვეყნებას.

ძირითადი მასალა, რომელიც ქვეყნდება სააგენტოს საიტზე სამ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ.

1. პრო-რუსული სტატიები, რომლებშიც ხშირია მოწოდებები საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ და გაჟღერებულია რუსეთის მნიშვნელობა საქართველოსთვის. მსგავს სტატიებში, ხშირ შემთხვევაში საუბარია ეკონომიკურ ასპექტებზე, როგორიცაა - ექსპორტი, ენერგო რესურსები, ვაჭრობა. ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია კულტურულ მსგავსებებზე და რუსეთ-საქართველოს შორის ისტორიულ კავშირებზე. სტატიებში მოყვანილია რუსი „ექსპერტების“ მოსაზრებები, როგორც გამყარებული არგუმენტები ანტი-დასავლური მოწოდებებისთვის.

2. ნეიტრალური საინფორმაციო სტატიები, რომლებიც მიუკერძოებლად აშუქებენ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

3. ეროვნულ-ისტორიული სტატიები, რაც წარმოადგენს პროპაგანდისა და ისტორიული ნარატივების ერთგვარ ნაზავს. მსგავსი სტატიები ხშირად ეძღვნება გამოჩენილ ქართველებს ან საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებს. ამ სტატიებში ისტორიული ფაქტების მოყვანასთან ერთად, ხშირად ფიგურირებს სტატიების ავტორთა პირადი შეხედულებები განსახილველ პიროვნებებთან ან საკითხთან დაკავშირებით. სტატიებში ოსტატურადაა ჩასმული წარსულის დიდების ნოსტალგიური გზავნილები, რომლებიც ებმის მეფის რუსეთის ან საბჭოთა კავშირის მნიშვნელობას.

შესაბამისად, „სპუტნიკი“ ცდილობს საკუთარ ვებგვერდზე პროპაგანდისტულ მასალასთან ერთად განათავსოს სანდო და ნეიტრალური ინფორმაცია, რაც საკმაოდ ეფექტიანია, ვინაიდან სააგენტო პოპულარობით სარგებლობს საქართველოში, რასაც ადასტურებს სოციალური ქსელებში სააგენტოს გვერდის მოწონებათა რაოდენობა. მსგავსი სტრატეგიის მიზანი შეიძლება იყოს მკითხველის დაბნევა და მისი დარწმუნება იმაში, რომ „სპუტნიკი“ წარმოადგენს ნეიტრალურ, სანდო საინფორმაციო სააგენტოს, მაშინ როდესაც ეროვნულ-პატრიოტულ სტატიებთან ერთად, საიტზე იდება პრო-რუსული და ანტი-დასავლური შინაარსის ანალიტიკური მასალა.