აშშ-ს ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს Vimpelcom-ის ანგარიშის გაყინვას სთხოვს

19 აგვისტო 2015 Shadow

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ევროპის ქვეყნებს ორი მსხვილი საკომუნიკაციო კომპანიის, მათ შორის Vimpelcom-ის, ერთ მილიარდი დოლარის ოდენობის ანგარიშების გაყინვას სთხოვს. საქმე ეხება კორუფციულ სქემას, რომელიც უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილს უკავშირდება.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიები Vimpelcom-ი (მისი წევრია საქართველოში მოქმედი „ბილაინი“) და MTS  (Mobile TeleSystems) იყენებდნენ ფიქტიური კომპანიის ვებგვერდებსა და ყალბ საკონსულტაციო კონტრაქტებს იმისათვის, რომ 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გადასახადები კორუფციული გზით მიმართული ყოფილიყო მაღალჩინოსნების კუთვნილი კომპანიისკენ. სქემის თანახმად, ამ გარიგებით, ისინი უზბეკეთის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უნდა შესულიყვნენ.

გამოძიება დაიწყო სტოკჰოლმის სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ნორვეგიული საკომუნიკაციო კომპანია Telesonera-ს მიმართვის შემდეგ გამოქვეყნდა. Telesonera-ს ეჭვი ჰქონდა, რომ ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, რეგისტრირებული კომპანიის Water Trail Industries-ის მეშვეობით 2007-2011 წლებში რუსულმა საკომუნიკაციო კომპანიებმა უზბეკურ Takilant-ს 55 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს. Takilant-ი უზბეკეთის პრეზიდენტის შვილთან, გულნარა კარიმოვასთან არის აფილირებული.

კორუფციული ტრანზაქციები New York Mellon Corporation ბანკის მეშვეობით ხორციელდებოდა. ამიტომ აშშ-მ თავდაპირველად (2015 წლის ივლისში) 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის გაყინვა ამ ბანკის რამდენიმე ქვეყნის ფილიალში - ბელგიაში, ირლანდიასა და ლუქსემბურგში მოითხოვა. უკვე აგვისტოში მისი მოთხოვნა ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

Vimpelcom-ის  აქციათა ხმათა 43% ნორვეგიულ საკომუნიკაციო კომპანია Telenor-ს ეკუთვნის.  47.9% კი რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის Alfa Group-ის წევრ Altimo-ს ეკუთვნის,  „ფორბსის“ 2014 წლის მონაცემებით, ფრიდმანი ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს შორის მეორე ადგილზეა.

 

Vimpelcom-ი საქართველოში

Vimpelcom-ს ეკუთვნის საქართველოში „ბილაინის“ ბრენდით მოქმედი საკომუნიკაციო კომპანია „მობიტელი“.  Vimpelcom-ის  მიერ “მობიტელში” განხორციელეული ინვესტიციის ოდენობა რამდენიმე წელია რუსეთიდან შემოსულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორისაა.

რუსული კომპანია საქართველოში მოქმედ “მობიტელს” ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს -  „ინვესტიკო ალიანსე“ - 29%-ს, მირენ ინვესტი კი 20%-ს ფლობს. დანარჩენი 51% კი ეკუთვნის Water Trail Industries-ს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ გამოძიებაში ფიგურირებს.


საქართველოში შპს „მობიტელი“ 2003 წლის 19 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და მფლობელი ლევან ვარშალომიძე იყო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა 2004-2012 წლებში.  2004 წლის 3 თებერვალს ლევან ვარშალომიძემ კომპანია დატოვა და 100%-იანი წილი და დირექტორის თანამდებობა კახაბერ დამენიას გადაუფორმა. დამენიამ თავის მხრივ 20 დღის შემდეგ, 23 თებერვალს, თავისი წილი ბიზნესმენ ნოდარ გიგინეიშვილს მიჰყიდა. 2005 წელს დამენია ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

კომპანიის მესაკუთრეებს შორის ოფშორული კომპანიები 2006 წლიდან ჩნდება - ნოდარ გიგინეიშვილის წილი ერთი წლით ადრე დაფუძნებულმა Delgado Resources-მა და Vimpelcom-ის კუთვნილმა Watertrail Industies-მა იყიდეს. ორივე კომპანიის წარმომადგენელად კი ლევან ყარამანიშვილი მიუთითეს.

fridman2006 წლის 12 ივლისს "მობიტელის" სამეთვალყურეო საბჭო ასე დაკომპლექტდა - Watertrail Industies-ის მხრიდან საბჭოში შევიდნენ რუსული "ვიმპელკომის" წარმომადგენლები, რუსეთის მოქალაქეები სერგეი ავდეევი, ელენა შმატოვა და უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ რიაბოკონი, ხოლო Delgado Resources-ს საბჭოში წარმოადგენდნენ - საქართველოს მოქალაქე ლევან ყარამანიშვილი და რუსეთის მოქალაქე რევაზ შარანგია.

2015 წლის მონაცემებით,  "მობიტელის" დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილია. 2013 წლის იანვარში, პარტნიორთა იმ კრებაზე, რომელზეც ტყელაშვილი დირექტორად აირჩიეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით სხდომას ესწრებოდა ლევან ყარამანიშვილიც, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მფლობელი. უკვე ივნისში გამართულ სხდომას, სადაც საბჭოს წევრებად თეიმურაზ არონია და ხვიჩა მაქაცარია აირჩიეს, ყარამანიშვილი აღარ მონაწილეობდა, თუმცა სამეწარმეო რეესტრში არ არის დაცული დოკუმენტი, სადაც საბჭოდან ყარამანიშვილის გასვლაზეა საუბარი.

თეიმურაზ არონია და ხვიჩა მაქაცარია საქართველოში მსხვილ ბიზნეს კომპანიებს ფლობენ. მათ შორისაა სატელეკომუნიკაციო კომპანია "კავკასუს ონლაინი".

აღსანიშნავია, რომ „მობიტელმა“ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, თუმცა ვერც ერთ მათგანში ვერ გაიმარჯვა. სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური ხარვეზის გამო მისცა.