საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება. 21 აპრილს, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მედიასაშუალებებში ანტიევროპული კამპანიის საპირწონე პროცესი მიმდინარეობს.
პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა ესტონეთის წარმომადგენლის შეკითხვის პასუხად. გიორგი კვირიკაშვილს დაუსვეს კითხვა თუ რას აკეთებდნენ საქართველოში მასმედიაზე გაძლიერებული რუსული პროპაგანდის კუთხით.
“პირველი რეაგირება ჩვენი მხრიდან იყო სტრატეგიული კომინიკაციის თვალსაზრისით, ევროპული კამპანიების ჩატარება. ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი თავმჯდომარეობს ამ კამპანიას. ეს არის მასიური კამპანია მასმედიის ყველა წყაროში – ცენტრალურ, რეგიონალურ დონეზე, რომელიც ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას ახორციელებს – ადამაინის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თემებზე საუბრობს და ეს გახლავთ ანტიევროპული პროპაგანდის საპირწონე პროცესი."
პრემიერმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, როგორიცაა - ბორდერიზაცია, გადაადგილებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გეგმა, რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გზით, ეწინააღმდეგება საერთოშორისო სამართლის ნორმებს.
ასევე, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს:
"განაცხადი, რომ ვართ ევროპელები, არ არის მხოლოდ განაცხადი, ეს არის სწაფვა თავისუფლების, ღირსების და იმ შესაძლებლობების მოპოვებისაკენ, რომელიც სოციალური შეთანხმების საფუძველს ემყარება"