ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქართულ მედიაში, არასამთავრობო და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება საქართველოში რუსული რბილი ძალის და პროპაგანდის გაძლიერება. Damoukidebloba.com-მა უკვე რამდენჯერმე დაწერა რუსული რბილი ძალის, პრო-რუსული ფონდების და რუსეთის საინფორმაციო ომის შესახებ. 2008 წლის 8 თებერვალს კვლევითმა ცენტრმა CRRC-საქართველომ გამოაქვეყნა სტატია ბლოგზე, სადაც წლების განმავლობაში მოპოვებული მონაცემების საფუძველზე გაანალიზებულია რუსული პროპაგანდის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებსდააქვეყნებსმონაცემებსქვეყანაშიმიმდინარეპოლიტიკურიდასოციალურიპროცესებისშესახებ. Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
გაიზარდა თუ არა რუსეთის გავლენა საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში? ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-საქართველომ 2015 წლის აგვისტოში კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44% თვლის, რომ რუსეთის გავლენა გაიზარდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ეს მაჩვენებელი შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 17% თვლის, რომ ამავე პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის გავლენა გაიზარდა. კიდევ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ ეს ხდება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიუხედავად (ასოცირების ხელშეკრულება, ვიზა-ლიბერალიზაცია). წინამდებარე სტატია იკვლევს თუ რამდენად შეუწყო ხელი რუსულმა პროპაგანდამ საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შემცირებას.
ახლახან, ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისმა (EI - LAT) ჩაატარა კვლევა რუსეთის რბილ და ხისტ ძალაზე საქართველოში და გამოაქვეყნა პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც განხილულია რუსეთის მიერ საქართველოში გამოყენებული გავლენის გაძლიერების კონკრეტული მექანიზმები. დოკუმენტის თანახმად:
„პოლიტიკური მითები რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. რუსეთის პროპაგანდა ხშირად აგებულია ემოციურ გზავნილებზე, რომელიც ქმნის და ამყარებს უარყოფით სტერეოტიპებს ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ. აგრეთვე, რუსული პროპაგანდა ახდენს დასავლური პოლიტიკური და კულტურული მახასიათებლების დისკრედიტაციას და აღვივებს საზოგადოებაში ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ შეხედულებებს. მითების შექმნით, რუსეთი საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც საქართველოს ერთადერთ მოკავშირეს საერთო იდენტობით, რწმენით, ისტორიითა და კულტურით. ამასთანავე, პროპაგანდა წარმოაჩენს დასავლეთს, როგორც საფრთხეს ამ ღირებულებებისათვის.“
იმის მიუხედავად, რომ ეს განცხადება დაფუძნებულია თვისებრივი კვლევის მიგნებებზე, ამავე აზრს ამყარებს CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც. 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში, CRRC-საქართველომ ჩაატარა 4 კვლევა საქართველოში ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნასა და დამოკიდებულებაზე, რომელიც დაფინანსებული იყო ევროპის ფონდის მიერ (ყოფილი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი). კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ 2013 წლიდან 2015 წლამდე, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციისადმი შემცირდა.
კვლევის მონაცემების თანახმად, ქართველები უფრო მეტად და მეტად აღიქვამენ ევროკავშირს საფრთხედ ქართული ტრადიციებისთვის. ეს ტრადიციები უაღრესად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ტრადიციების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე იყო კრიტიკული მთავრობის მიმართ ან მუშაობდე მოხალისედ. შესაბამისად, ზემოთ განხილული მითების გავრცელების მექანიზმი შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს საქართველოს ევროპული კურსის შეცვლისთვის.
უკანასკნელი 7 წლის მანძილზე, შიში, რომ ევროკავშირი ავნებს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაიზარდა, გასაკუთრებით 2013 წლის შემდეგ. მათი რიცხვი ვინც სრულად ეთანხმება მოსაზრებას - „ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს“ გაიზარდა 12%-ით.
მსგავსი დამოკიდებულება გამოიკვეთა სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას. ქართველების დაახლოებით მესამედი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ქართული ტრადიციები ნაკლებად იქნება დაცული. 2013 წლის შემდეგ, მათი რიცხვი ვინც თვლის, რომ ტრადიციების პატივისცემა შემცირდება გაორმაგდა.
მსგავსი დამოკიდებულება ევროკავშირში წევრობის მიმართ შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც
EI–LAT-ის მიერ განხილული რუსული პროპაგანდის შედეგი. სტატია არ ამტკიცებს, რომ არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრიობა რუსულ პროპაგანდასა და ევროკავშირის მიმართ ნეგატიურ საზოგადოებრივ აზრს შორის, თუმცა CRRC-ის კვლევის მონაცემები აშკარად ავლენს ურთიერთდაკავშირებულ ტენდენციებს:
1. ტრადიციები უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის;
2. ევროკავშირი აღიქმება როგორც საფრთხე ქართული ტრადიციებისთვის;
3. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა კვლავ მაღალია, შეინიშნება წევრობის მომხრეთა კლება;
რუსული პროპაგანდის შესახებ ევროპის ფონდისა და EI-LAT-ს მიგნებების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსული პროპაგანდა იყო არა მარტო კარგად ინფორმირებული და დაგეგმილი, არამედ გარკვეულწილად წარმატებულიც: შიში, რომ ევროკავშირი ზიანს მიაყენებს ქართულ ტრადიციებს, ევროკავშირის მხარდაჭერის კლების განმაპირობებელი ფაქტორია. ამ ტენდენციას ასევე უწყობს ხელს საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების შესახებ, ისეთი როგორიცაა - ეროვნული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.
აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდის საფრთხეზე საქართველოში საუბრობენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიც. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პრო-რუსული ძალების გაძლიერებაზე:
„მაშინაც, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტიანი რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს.“
CRRC-საქართველოს კვლევის მიგნებები ცხადყოფს, რომ ემპირიული კვლევა შეიძლება იყოს გამოყენებული არა მარტო პროპაგანდის კამპანიის წარმატებით დაგეგმვისთვის (გარკვეული საზოგადოების ყველაზე სენსიტიური ასპექტების გამოვლენით), არამედ პროპაგანდის მექანიზმების აღმოჩენისთვის და მათ წინააღმდეგ ზომების გატარებისთვის.
მეტი კვლევაა საჭირო ტრადიციების დაკარგვის შიშზე, ისევე როგორც იმაზე თუ რა მოიაზრება საზოგადოების მიერ ქართულ ტრადიციებში. ამასთანავე, აუცილებელია ევროკავშირის წევრობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
ზემოთ მოყვანილ სტატიაში კარგადაა წარმოჩენილი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი - ქართულ ტრადიციები და მათი დაკარგვის საფრთხე. თუმცა ამასთანავე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა რუსული პროპაგანდის ეფექტიანობის განმაპირობებელი მიზეზების კვლევა. რუსულ პროპაგანდას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები აქვს და ცდილობს ამ ჯგუფებზე მორგებული გზავნილებით მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ქართული ტრადიციების შენარჩუნების ნარატივი არის გათვლილი საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც დასავლური ღირებულებათა სისტემის შესახებ ნაკლები ან მცდარი ინფორმაცია აქვს. საქართველოს ეკონომიკური პრობლემების განმაპირობებელი ფაქტორების არასწორი ინტერპრეტაცია გათვლილია ეკონომიკურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. საზოგადოების ამ სეგმენტზე გათვლილი გზავნილია - „საქართველოს ეკონომიკური აღორძინება მხოლოდ რუსეთის ბაზარს შეუძლია“, თუმცა რუსეთის ეკონომიკური დაღმასვლის განხილვა მათ გზავნილში უგულებელყოფილია. უსაფრთხოებისა და ტერიტორიულ გამოწვევებზე აპელირება საქართველოს დასავლეთით (იგულისხმება „საფრთხე“, რომელიც თურქეთის ექსპანსიონიზმს უკავშირდება) ხდება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ქსენოფობიის გაღვივებას.
ასევე, მნიშვნელოვანია არ მოხდეს რომელიმე მთავრობის ეკონომიკური თუ სოციალური წარუმატებლობის ასოცირება ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან. საქართველოს არჩეული აქვს დასავლური კურსი, რადგან საბოლოო მიზანია გამართული, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ძლიერი და ქმედითუნარიანი ინსტიტუტებით. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს რომელიმე მმართველი პოლიტიკური გუნდის წარუმატებლობის ან ხარვეზის გაიგივება საქართველოს დასავლურ კურსთან. პოლიტიკური მითების გაქარწყლებაში კი, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი სამთავრობო, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.